ჟურნალი ნომერი 1 ∘ ხატია ჭალიძე საფრანგეთის მისიონის დაარსების მცდელობა საქართველოში (XVII საუკუნის 70–იან წლები)სტატიის მიზანია გავარკვიოთ თუ რა მიზანი ჰქონდა საქართველოში ფრანგული მისიონის დაარსების მცდელობას და რამდენად რეალური იყო აღნიშნული გეგმის განხორციელება. ამის გარკვევაში დაგვეხმარა ის ახალი წყაროები, რომლებიც ახლახან ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე. ისინი მეტ-ნაკლებად ასახავენ XVII საუკუნის 70-იანი წლების საქართველოში, როგორც კაპუჩინ მისიონერთა მოღვაწეობას, ასევე მათი ფრანგი მისიონერებით ჩანაცვლების მცდელობას.
პრობლემის არსში გასარკვევად ამთავითვე მოკლედ აღვნიშნავთ შემდეგს: როგორც სპეციალურ ლიტერატურაში გარკვეულია, კაპუჩინთა ორდენმა წმინდა კონგრეგაცია ,,დე პროპაგანდა ფიდეს“ 1661 წლის 13 ივნისის დეკრეტით, აღმოსავლეთ საქართველოში თეატინელთა მისიონი ჩაანაცვლა [თამარაშვილი. 1902: 222-223. თამარაშვილი. 1995: 617. პაპაშვილი 1995: 203]. ორი წლის შემდეგ, 1663 წელს, კაპუჩინთა მისიონმა თბილისში დაიდო ბინა და საკმაო წარმატებასაც მიაღწია, მისისონერულ საქმიანობაში, რადგან 1669 წელს გორში, ხოლო 1670 წელს უკვე ქუთაისშიც დააარსეს მისიონი [თამარაშვილი. 1902: 232-236. პაპაშვილი. 1995: 207]. თუმცა არსებობდა მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აფერხებდა მათ საქმიანობას, ეს გახლდათ მატერიალური ხელმოკლეობა. ქართლის მეფე ვახტანგ V მისიონს ვერ ეხმარებოდა ფინანსურად, რომი კი, მათ ფულს არ უგზავნიდა [თამარაშვილი. 1995: 225. პაპაშვილი. 1995: 202-203].
როგორც წინამდებარე ახალი წყაროებით ირკვევა, აღნიშნულის გათვალისწინებით, წმინდა კონგრეგაციამ 1672 წლის მაისში, გადაწყვიტა კაპუჩინთა მისიონი ფრანგი მისიონერებისთვის გადაეცა [კვლევები. 2015: 65]. ამ ეტაპზე ძნელი ასახსნელია, თუ რატომ გადაწყვიტა პროპაგანდა ფიდემ კაპუჩინთა მისიონი ფრანგთა მისიონით შეეცვალა, ანდა რომელი მხარის ინიციატივით მოხდა ეს. ჩვენი ვარაუდით, ეს დაკავშირებული უნდა იყოს საფრანგეთის სავაჭრო ინტერესებთან საქართველოში, კერძოდ სპარსეთთან. ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს შემდეგი ფაქტი: სპეციალურ ლიტერატურაში გარკვეულია, რომ 1671 წელს საფრანგეთმა სპარსეთის იმპერიაში ვაჭრობისა და ფრანგი მისონერების თავისუფალი გადაადგილების უფლება მოიპოვეს. [საბუთები 1975: 94-100], რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორია, როგორც სატრანზიტო გზა, მათთვის საინტერესო გახდა. სპარსეთს საფრანგეთი უნდა დაკავშირებოდა ჩრდილოეთიდან, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რადგან ირანისა და ინდოეთისაკენ მიმავალი გზა ინგლისისა და ჰოლანდიის ხელში იყო [გაბაშვილი, 1959:63]. ცხადია, საფრანგეთის ამ ინტერესებში შედიოდა საქართველოში ფრანგი მისიონერების მისიონის დაარსება, რასაც ქართული მხარე წინააღმდეგობას არ უწევდა. ამასთან კავშირში შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის მოგზაურობა საქართველოში 1672-1673 წლებში, რომელმაც, ევროპისათვის საქართველოს გაცნობის საქმეში დიდი როლი შეასრულა .უფრო მეტიც, ჟან შარდენის მოგზაურობის ფონზე უნდა ვეძებოთ საფრანგეთის მისიონის დაარსების მცდელობა საქართველოში, რასაც ახალი მასალების მოპოვება და მომავალი კვლევა სჭირდება.
როგორც წყაროებიდან ვიგებთ, 1672 წლის მაისში წმინდა კონგრეგაცია „დე პროპაგანდა ფიდემ“ მიიღო დეკრეტი, რომლის ძალით, საქართველოში კაპუჩინთა მისიონს კვიპროსში მოღვაწე ფრანგი მისიონერები უნდა ჩანაცვლებოდნენ.ამის შესახებ პირველი ცნობა დაფიქსირებულია თბილისში მოღვაწე კაპუჩინთა პრეფექტის სერაფინო და მელიკოკას 1674 წლის 18 ოქტომბრის წერილში. [archivio 1626-1707: 162-168] მასში დასახელებული არ არის თუ რა მიზეზით მიიღო პროპაგანდამ ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ პრეფექტი მზადყოფნას გამოთქვამდა , რომ პროპაგანდის გადაწყვეტილებას შეასრულებდა, მაგრამ აქვე ასაბუთებდა ასეთი გადაწყვეტილების უმართებულობას. ამის ძირითად არგუმენტად პრეფექტ სერაფინოს მოჰქონდა ის, რომ ფრანგი მისიონერები საქართველოს სინამდვილეში მიუღებელნი იქნებოდნენ, რადგან ისინი არ იცნობდენენ საქართველოს და ქართველები მათ სავაჭრო-მისიონერულ საქმიანობას მოწონებით არ შეხვდებოდნენ. ასეთ შემთხვევაში, მთელს აღმოსავლეთში ყველაზე ნაყოფიერი მისიონი დაინგრეოდა [archivio. 1626-1707: 167-168]. მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად, მელიკოკა ყველანაირად ცდილობს, დაარწმუნოს კონგრეგაცია, რომ მისიონის გაცვლა მიუღებელია. კვიპროსის მისიონი მიყრუებულია და იქ მუშაობა უნაყოფო იქნება, ხოლო საქართველოში კაპუჩინთა მისიონს უკვე საკმაო წარმატებები ჰქონდა. იგი ხაზს უსვამს თავიანთ ღვაწლს, ქართული ენის სირთულეს და იმ დაბრკოლებებსა და დამატებით ხარჯებს, რომლებსაც მისიონთა გაცვლა შეუქმნიდა პროპაგანდას [archivio. 1626-1707: 165].
სერაფინო და მელიკოკა წერილში ასევე შეეცადა წმინდა კონგრეგაციისათვის აეხსნა ის ვითარება, რომელშიც კაპუჩინთა მისიონს უწევდა მოღვაწეობა. იგი საუბრობს იმის შესახებ, რომ ფინანსურმა პრობლემებმა აიძულა მისიონერები, მკურნალობისათვის გასამრჯელო აეღოთ. ამ ფაქტმა მისიონს დიდი ზიანი მიაყენა, რადგან მოსახლეობის მათდამი დამოკიდებულებაზე ცუდად იმოქმედა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. მისიონს არსებობისათვის სჭირდებოდა ფული, რომელიც მას აღარ მიუღია რომიდან რამდენი წელი ზედიზედ [archivio. 1626-1707: 167]. აქედან კარგად ჩანს, რომ პროპაგანდა კაპუჩინებს დახმარებას ვერ უწევდა. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს კაპუჩინთა მისიონი „პროპაგანდა ფიდეს“ მძიმე ტვირთად აწვა და ასეთ ვითარებაში, გადაწყვიტეს საქართველოს მისიონი, ალბათ, საფრანგეთის დაინტერესების საფუძველზე, ეკონომიკურად უზრუნველყოფილი კვიპროსის ფრანგული მისიონისთვის დაეთმოთ.
ჩვენ არ ვიცით, პროპაგანდამ რა რეაგირება მოახდინა სერაფინო და მელიკოკას ამ წერილზე. ეს უკანასკნელი 1675 წელს თბილისში გარდაიცვალა [archivio. 1626-1707: 107]. მისი ადგილი დაიკავა ასევე თბილისში ხანგრძლივად მოღვაწე კაპუჩინმა მისიონერმა ანტონიო რომანომ, რომლის მიერ 1677 წლის 1 აპრილს გორიდან პროპაგანდა ფიდესადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ: ,,ეს-ესაა საიმედო მეგობრებისაგან მივიღე ცნობა, რომ ჩვენი მისია ხელმეორედ გადაეცა მამებს, რომლებიც ტურენიდან არიან... ალეპოში, იერბეხერში, თავრიზსა და ისფაჰანში მივწერე წერილი და ძმურად ვიწვევდი, ასევე ვარწმუნებდი, რომ მათ ყველა შესაძლებელი პატივითა და ღირსებით მივიღებდით. საქმით ვაჩვენებდით, თუ როგორ ვცემთ პატივს, როგორ მოვუსმენთ და დავემორჩილებით, რათა მათ არ ეფიქრათ, რომ ჩვენ მათ მიმართ ისეთივე გრძნობები გვაქვს, როგორც მამა სერაფინოს. დაე მსუბუქი იყოს მასზე მიწა, ვინც განაცხადა რომ არ გვსურს მათი არანაირი სახით მიღება და ისინი ისე დააშინეს, რომ ჩამოსვლაზე უარი თქვეს“ [კვლევები. 2015: 74]. ამ წყაროდან გამომდინარე, არ ვიცით პროპაგანდამ ხელმეორედ როდის გადასცა კაპუჩინთა მისიონი ფრანგ მამებს, მაგრამ ეს რომ ასეა, ცხადია. ანტონიო რომანო, ბუნებრივია, პროპაგანდის გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგებოდა და მზადყოფნას გამოთქვამს მისიონი ფრანგ მამებს გადასცეს. წერილის მიხედვით, ამისთვის მცდელობაც არ დაუკლია, მაგრამ ფრანგი მამები ისე დაშინებულან, რომ ჩამოსვლაზე უარი უთქვამთ. ანტონიო რომანო, რომ გულწრფელი არაა თავის განზრახვაში, ამავე წერილის შემდეგი ადგილიდან ჩანს. იგი წერს: ,,აქ ჩამოსვლით ისინი (ფრანგი მამები - ხ.ჭ) დიდ რისკს ეწევიან, რადგან ახლახანს გარდაიცვალა აქაური ვიცე-მეფე (იგულისხმება ვახტანგ V-ხ.ჭ), რომელიც სპარსელებმა მოწამლეს; მისმა ორმა ვაჟიშვილმა განაცხადა, რომ დიდი ბატონის (სულთნის - ხ.ჭ) მხარეზე დადგებოდნენ, სხვა ორი კიდე სპარსეთის მეფის კარზე იმყოფებოდა, ამ სახელმწიფოს მღელვარებები, აჯანყებები და ომები შეარყევს და, როგორც ვხედავ, მას ვერავითარი ადამიანური და ღვთაებრივი სიბრძნე ვერ უშველის; თუ სპარსელები გაიმარჯვებენ, ფრანგ მამა - მისიონერებს ჰყავთ მფარველები და საფრანგეთის სამეფოს ინდოეთის კომპანიის კაპიტანი. თუკი მოერევიან თურქები, კონსტანტინეპოლში მოიძებნება ელჩები, კონსულები, რომლებიც მათ დაიცავენ. ასეთ მღელვარე და საშიშ დროში ვმუშაობთ ჩვენს მისიაში და არანაირი ადამიანური და ფულადი დახმარება არ მიგვიღია. თუ ისინი დანიშნულ დროზე მეტს დააყოვნებენ და არ გამოგვიგზავნიან სარჩოს, მაშინ ვფიქრობ, უფრო ღირსნი ვიქნები არა საყვედურისა, არამედ თანაგრძნობისა, რადგან სამმა საწყალმა მისიონერმა, თუნდაც გორში მრევლის დატოვების ფასად, შეძლოს მისიის დაცვა თბილისში, რომელიც დაცემის წინაშე დგას“[კვლევები. 2015: 74-75].
მოტანილი წყარო ნაკლებ კომენტარებს საჭიროებს, რადგან იგი თვალნათლივ ადასტურებს თუ რა ხერხს მიმართავდა ანტონიო, რათა პროპაგანდას თავისი გადაწყვეტილება შეეცვალა და დაცემის პირას მყოფ საქართველოს მისიონს ფინანსურად დახმარებოდა. შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავლად ანტონიო რომანოს ეს მიაჩნდა. სხვა შემთხვევაში ის სარჩოს გამოგზავნას კი არ მოითხოვდა, არამედ სამშობლოში დაბრუნების ნებართვას. აქვე, იგი ობიექტურად, მაგრამ დიპლომატიურად მიანიშნებდა, რომ ფრანგ მამებს ირანსა და ოსმალეთში მფარველები ჰყავდათ, ხოლო რომის წარმომადგენლები უპატრონოდ იყვნენ მიტოვებულნი. ეს იმ მიზნით არის ნათქვამი, რომ პროპაგანდას მისიონერებისათვის ეფექტიანი მატერიალური დახმარება გაეწია.
ზუსტად ერთი თვის შემდეგ, (1677 წლის 1 მაისი) გორიდან ანტონიო რომანო იმავე შინაარსის წერილს აგზავნის პროპაგანდაში. მასში განსხვავებულს შემდეგს ვკითხულობთ: ,,როცა პროპაგანდის ხელმეორე დეკრეტი მივიღე, მაშინვე შევეცადე ახალი ხელმძღვანელის გულის მოგებას, თუმცა გორის მისიაში მარტო დავრჩი. მივწერე მათ (იგულისხმება ფრანგი მამების ხელმძღვანელები-ხ.ჭ) და ვაგრძელებ წერილების მიწერას ალეპოში, იერბეხერში, თავრიზსა და ისპაანში. ხურვალედ ვთხოვდი მათ მოსვლას, ვუცხადებდი მორჩილებას, ვპირდებოდი მისიიდან დაშორებულ ადგილზე სრული სამოსელით, ჯვრითა და მორწმუნეთა გარემოცვით დახვედრას, რათა შემდეგ ისინი იქ მოგვეყვანა, სადაც ჩვენ ქვებით გვხვდებოდნენ. გავაკეთებ ყველაფერს, რათა იმ სიძნელეებმა, რასაც ისინი წააწყდებიან სამოქალაქო და საგარეო ომების, სახელმწიფო რყევების გამო, რადგან გარდაიცვალა ვიცე-მეფე და საფრთხე მომდინარეობს არა მხოლოდ სპარსელებისაგან, არამედ თურქ-ოსმალებისა და მათი მომხრეებისგანაც, მათ ჩამოსვლა არ გადააფიქრებინოს. ეს იმიტომ, რომ შემდეგ არ ეთქვათ, რომ ჩვენ მათი მიღება არ გვინდოდა, როგორც ეს განსვენებულ მამა პრეფექტს (იგულისხმება სერაფინო და მელიკოკა - ხ.ჭ) არ უნდოდა [კვლევები. 2015: 75].
როგორც ვხედავთ, ანტონიო რომანო მზად იყო პროპაგანდას ახლა, მეორედ მიღებული გადაწყვეტილება, სისრულეში მოეყვანა. თუმცა შეუძლებელია მასში არ შევამჩნიოთ, თუ რა შავ ფერებში უხატავდა ფრანგ მისიონერებს ანტონიო პროპაგანდის ხელმძღვანელობას. ეს უფრო განმტკიცებული ფორმით გამოხატა ანტონიომ 1677 წლის 1 ივნისის წერილში პროპაგანდასადმი. მასში ვკითხულობთ: ,,დაახლოებით 4 თვე გავიდა, რაც ჩვენი მისიიდან მამა ფრანჩესკო მარია მონტეკატინელი პაპის კარზე დაბრუნდა და გვაუწყა იმის შესახებ, რომ მისმა მაღალპატივცემულებამ საქართველოს ყველა მისიონი მეორედ გადასცა ფრანგ მამა-მისიონერებს. მან უკვე ნახა დეკრეტები. მანამდე ფრანგებს უნდა მიეღოთ განკარგულება ჩვენს მისიაში გადმოსვლაზე, ხოლო ჩვენ - მათ დაყენებაზე. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი წინდახედული ადამიანი დათანხმდა ასეთ დოკუმენტს, თუ ეს სუფთა სიმართლე არ იქნებოდა“ [კვლევები. 2015: 82-83]. აქვე ავტორი აგრძელებს: ,,ჩვენმა საერთო მტერმა, ჩანს, რაღაც ხრიკებითა და მზაკვრობით, შეძლო ჩვენი მისიონის განადგურება, რომელიც ყველაზე ნაყოფიერი და წარმატებულია მთელს აზიაში“ [კვლევები. 2015: 83].
ასეთია ჯერჯერობით წყაროთა ის წრე, რომელიც გაგვაჩნია წინამდებარე თემის გარშემო. მათზე დაყრდნობით შეიძლება შემდეგი სახის დასკვნა გავაკეთოთ: წმინდა კონგრეგაცია ,,დე პროპაგანდა ფიდემ“ 1672 წელს მიიღო დეკრეტი, რომლის საფუძველზეც საქართველოში არსებული კაპუჩინთა მისიონი ფრანგი მამების მისიონით უნდა შეცვლილიყო. პროპაგანდამ ასეთი გადაწყვეტილება საფრანგეთის აღმოსავლურ სავაჭრო პოლიტიკის გააქტიურების საფუძველზე მიიღო, რომელიც ლუი XIV-ის კარის ინტერესებში შედიოდა. საკუთრივ პროპაგანდა, რამდენადაც კაპუჩინთა მისიონს საქართველოში ვერ უზრუნველყოფდა მატერიალური დახმარებით, შეეცადა მათი მისიონი ეკონომიკურად ძლიერი საფრანგეთის მისიონისთვის გადაეცა. მაშინ საფრანგეთის სამეფო კარი არ აღმოჩნდა მზად, დასახული ამოცანა ბოლომდე მიეყვანა, რადგან XVIII საუკუნის დასაწყისამდე მისი აღმოსავლური პოლიტიკა იმდენად აქტიური არ იყო.
პროპაგანდის ამ გადაწყვეტილებას, საქართველოში არსებული კაპუჩინთა მისიონმა მოზომილი წინააღმდეგობა გაუწია და რომმაც თავისი გადაწყვეტილება, ეტყობა, გვერდზე გადადო, რადგან კაპუჩინები საქართველოში 1845 წლამდე მოღვაწეობდნენ. სწორედ საფრანგეთის ამ განზრახვას ეყრდნობოდა, ალბათ, სულხან საბას მცდელობა, რომ საქართველოში საფრანგეთის მისიონს დაედო ბინა, რომელიც სავაჭრო-რელიგიური ფაქტორის ფუნქციას შეასრულებდა, რადგან ფრანგი მისიონერები, უწინარეს ყოვლისა, ვაჭრობის მისიონერებს წარმოადგენდნენ. ასეთ შემთხვევაში ფრანგი მისიონერები, გარდა რელიგიურ-კულტურული საქმიანობისა, ირან-საფრანგეთის ურთიერთობის ჩარჩოებში საქართველოს როლის განმსაზღვრელ ძალად იქცეოდნენ.
გამოყენებული ლიტერატურა
1) გაბაშვილი ვ. 1959. სულხან-საბა ორბელიანი, როგორც დიპლომატი - წიგნში; სულხან-საბა ორბელიანი 1658-1958. საიუბილეო კრებული. თბილისი
2) ევროპული კვლევები. 2015. ტ. II. თბილისი
3) თამარაშვილი მ. 1902. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი
4) თამარაშვილი მ. 1995. ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბილისი
5) პაპაშვილი მ. 1995. საქართველო-რომის ურთიერთობა, თბილისი
6) საბუთები საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიიდან (1707 წლის მარტი - 1714 წლის დეკემბერი), 1975. ნაწილი I, შესავალი, თარგმანი და განმარტებები დაურთო ილია ტაბაღუამ, თბილისი
7) შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), 1975. ფრანგულიდან თარგმნა და გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა. თბილისი
8) Archivio di propaganda fide, scritture riferite nel congressi, georgia 1626-1707